ესპანეთის თასის ფინალში „ვალენსიას“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს – ეს გადაწყვეტილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მიიღო.
კოპა დელ რეის (ესპანეთის თასი) გადამწყვეტი შეხვედრა სევილიაში იმართება და 00:00 საათზე დაიწყება. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბეტისს“ დაუპირისპირდება და საპატიო ტიტულის მოპოვებას სამი წლის შემდეგ შეეცდება.
„ვალენსიას“ კარში სპეციალისტების და მედიასაშუალებების უმრავლესობა გიორგი მამარდაშვილის ხილვას ელოდა, რადგან მისკენ იყო სტატისტიკა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონში 17 თამაში ჩაატარა და 8-ჯერ მოედანი უგოლოდ დატოვა, საშუალოდ კი თამაშში 1 გოლს უშვებდა. სილესენმა 15 მატჩი და პლუს „სევილიას“ წინააღმდეგ 18 წუთი ჩაატარა და ბურთი 27-ჯერ გაუშვა, ანუ საშუალოდ შეხვედრაში 1,8 გოლი.