მამარდაშვილი ერთ-ერთი გმირი იყო - ესპანური მედიის შეფასებას გატუზო დაეთანხმა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთში გადასვლის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა საუკეთესო თამაში ჩაატარა იმ სტადიონზე და იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელთან გასულ სეზონში შეცდომების გამო 4 თვე სათადარიგოებში ყოფნა მოუხდა – ლა ლიგაში „სანჩეს პისხუანზე“ ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ „სევილიასთან“ ქულა „ვალენსიამ“ სწორედ ქართველი მეკარის შესანიშნავი თამაშის წყალობით მოიპოვა – 1:1. ამას ავტორიტეტული ესპანური გამოცემები აღნიშნავენ.
„მარკა“ – მამარდაშვილს გატუზოსგან მფარველობა აღარ სჭირდება
მამარდაშვილთან გატუზოს მეთოდმა იმუშავა. „სევილიასთან“ მატჩის დროს გამოჩნდა, იტალიელი მწვრთნელი მართალი რომ იყო – ქართველ მეკარეს არ სჭირდებოდა ბოდიშის მოხდა ისეთი შეცდომებისთვის, როგორიც „ელჩესთან“ დაუშვა და მეკარემ მწვრთნელის ნდობას ორი ისეთი მოგერიებით უპასუხა, რამაც „პისხუანი“ იმ დროს გააჩუმა, როდესაც ადგილობრივი გულშემატკივრები გოლის აღნიშვნას აპირებდნენ.
„დარიო ასი“ – პენალტები, კავანი და მამარდაშვილი
„ვალენსიას“ მწვრთნელს გატუზოს ჰყავს თავდამსხმელი კავანი და მეკარე მამარდაშვილი, რომლებიც გუნდს ეხმარებიან, რომ არ წააგონ (ხუთი თამაში წაუგებლად მიდიან). ქართველის თამაში პიკასოს ნახატის ყიდვას ჰგავდა, როცა გენიოსმა პირველი გამოფენა ლა კორუნიაში 13 წლის ასაკში გამართა. გატუზო სწორად მოიქცა მამარდაშვილთან „ელჩესთან“ დაშვებული შეცდომისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ. ის არის მეკარე, რომელიც ქულებს მოიპოვებს. პირველ ტაიმში რაფა მირას ორი დარტყმისას მისი სეივებით გუნდმა შეინარჩუნა რწმენა, ხოლო „სევილიას“ თავდამსხმელები სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. მისი თამაში „პისხუანზე“ ამართლებს მის ღირსებებს, რადგან სწორედ ამ სტადიონზე შარშან ყველაზე ცუდი პროფესიული გამოცდილება მიიღო და ამან აიძულა ბორდალაში („ვალენსიას“ ყოფილი მწვრთნელი) დროებით სათადარიგოებში დაესვა.
eldesmarque – როგორი კონცერტია! მამარდაშვილი „სანჩეს პისხუანის“ ერთ-ერთი მთავარი გმირია შესანიშნავი მოგერიებებით
მამარდაშვილი, უდავოდ, „სევილია“-„ვალენსიას“ მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო – მეკარე, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გოლისგან შესანიშნავი თამაშით. საბოლოოდ, ლამელამ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მის მიერ შესრულებული სეივები მთელი მატჩის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
მატჩის შემდეგ ქართველი მეკარის შესახებ დასმულ კითხვაზე („მამარდაშვილმა თავისი თამაშით გუნდზე კარგად იმოქმედა“) ჯენარო გატუზო ჟურნალისტს დაეთანხმა.
„დღეს მამარდაშვილმა კარგად ითამაშა. გაიამ პენალტი ვერ გაიტანა, გიორგიმ კი წინა ტურში ვერ გადაგვარჩინა. მაგრამ ვინც ფეხბურთს თამაშობდა, იცის, რომ შეცდომები მისი ნაწილია“.