მამადუ სახო - ვფიქრობ, ჩემი ჩართულობა ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნება, მათთვის ბევრი მაქვს სათქმელი #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულმა, მამადუ სახომ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ წარდგენისას ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა – მან ახსნა, რის გამოც დათანხმდა საქართველოში ჩამოსვლას.
„კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ „ტორპედოს“ დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა.
ფეხბურთი ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობას გაძლევს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და მიხარია, რომ აქ ვარ. ვფიქრობ, საინტერესო თავგადასავალი იქნება, რადგან საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო.
კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ, ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. აქ გავიცანი კარგი ადამიანები, რომელთა გამოც ჩამოვედი, ამას გარდა, სპორტული მოტივაციაც მთავარია.
ჩემთვის ეს ძალიან ემოციური მომენტია. 13 წლის ასაკში მამა დავკარგე. ბავშვობის წლები ქუჩაში, სიცივეში გავატარე. არაერთი დაბრკოლების გადალახვა მომიწია. დღემდე ასე მოვედი. ვფიქრობ, ჩემი ჩართულობა ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნება – მათთვის ბევრი მაქვს სათქმელი.
დღეს ჩემი შვილიც აქ არის, ჩემთან ერთად. ჩემთვის ფინანსური მხარე მეორეხარისხოვანია. მთავარი, რის გამოც საქართველოში ჩამოვედი, ის ამბიციებია, რომელიც ამ კლუბს აქვს. მომწონს ის ჩართულობა, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებაში მექნება. აქ იდეის გამო ვარ, პური და ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ყველაფერზე მაღლა ადამიანური თვისებები და სპორტული სტიმული დგას“, – თქვა მამადუ სახომ.
კომენტარი „ტორპედოს“ შოტლანდიელმა მწვრთნელმა, სტივ კინმაც გააკეთა:
„მამადუ სახო „პარი სენ-ჟერმენის“ ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი იყო, უთამაშია „ლივერპულსა“ და საფრანგეთის ნაკრებში. მასში ყველაზე მეტად თავმდაბლობა მომეწონა. თავიდან ამ ტრანსფერის შანსი მცირე იყო, მაგრამ საბოლოო შეთანხმება მაინც მოხერხდა და მიხარია, რომ მამადუ ჩვენი პროექტის ნაწილი გახდა“.