მამადუ სახო - „ტორპედოს“ ხელმძღვანელობის გეგმები მომეწონა და საქართველოში თამაში გადავწყვიტე #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“, „ლივერპულის“, „კრისტალ პალასისა“ და „მონპელიეს“ შემდეგ მამადუ სახოს კარიერაში მორიგი კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ იქნება – საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა და ქართულ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„როგორი განცდა მაქვს ახალ კლუბთან დაკავშირებით? საქართველოში ჯერ ჩემი მეუღლე იყო ჩამოსული, ქვეყანა დაათვალიერა, აქაურობა ძალიან მოეწონა – კარგი ხალხი, არაჩვეულებრივი კულტურა და შვილებისთვის კარგი გარემოა.
ამის შემდეგ მეც გადავწყვიტე, რომ აქ თამაში ჩემთვის მისაღები იყო. ველაპარაკე კლუბის პრეზიდენტს, მწვრთნელს, მივხვდი, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი გეგმები აქვს და საკმაოდ ამბიციური კლუბია, შესაბამისად, თანამშრომლობით დავინტერესდი“, – განაცხადა სახომ.
34 წლის ფეხბურთელმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. 13 ივნისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 15:00 საათზე „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ კონტრაქტს ხელს ოფიციალურად მოაწერს.