მამაცაშვილი შვედეთში გაფრინდა - „იბერიის“ მცველი „სირიუსში“ ითამაშებს #1TVSPORT
საბა მამაცაშვილი კარიერას შვედურ „სირიუსში“ გააგრძელებს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „იბერიის“ 21 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ხეჩიკაშვილმა დაგვიდასტურა.
„შვედეთში ვიმყოფები საბასთან და მის მენეჯერ ლევან სეთურიძესთან ერთად. ახლა სამედიცინო შემოწმებას გადის და ხვალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2.5+1-წლიანი ოფციონით გაფორმდება. ვფიქრობ, ეს ტრანსფერი საბას მომავალს და მის წინსვლას წაადგება“, – ამბობს „იბერიის“ ვიცე-პრეზიდენტი.
საბა მამაცაშვილი 21 წლისაა. ის „იბერიის“ აღზრდილია, სადაც ეროვნულ ლიგაში 2021 წლიდან თამაშობს. 2023 წელი იჯარით „გაგრაში“ გაატარა. მიმდინარე სეზონში თბილისურ კლუბში 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. იყო საქართველოს 17 და 18-წლამდელთა ნაკრებების წევრი. ამჟამად ახალაგზრდული ნაკრების (7 მატჩი, 1 გოლი) მოთამაშეა.
საბა მამაცაშვილი „სირიუსში“ მეოთხე ლეგიონერი იქნება – იქ ამჟამად ერთი ფინელი და ორი დანიელი თამაშობს. მისი ახალი გუნდი შვედეთის ოლსვენსკაში (ჩემპიონატში) გამართული 18 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-8 ადგილზეა.