მამაცაშვილი ადგილზეა - ქართველი მარცხენა მცველი „სირიუსს“ შეუერთდა #1TVSPORT
თბილისის „იბერიას“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი საბა მამაცაშვილი ახალ გუნდს, უფსალას „სირიუსს“ შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველად ივარჯიში, – ამის შესახებ შვედური კლუბის პრეს-სამსახური იუწყება.
„ჩვენი გუნდის ბოლო შენაძენი, საბა მამაცაშვილი „სირიუსს“ დღეს, უფსალაში შეუერთდა და მოედანზე პირველი ნაბიჯები გადადგა.
გუნდთან პირველი ვარჯიშის შემდეგ მან თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა როგორც ქალაქზე, ასევე კლუბზე.
ქართველ მცველს დიდი სურვილი აქვს, განვითარდეს და გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს“, – წერს „სირიუსის“ ვებგვერდი.
„უკვე მოვახერხე უფსალას ნახვა და უნდა ვთქვა, რომ წარმოუდგენლად ლამაზი ქალაქია. მიხარია, რომ ამ ქალაქში ვიცხოვრებ და ვითამაშებ. „სირიუსი“ კი ძლიერი და ამბიციური გუნდია და მისთვის ასი პროცენტით დავიხარჯები“, – ამბობს საბა მამაცაშვილი.