„მალმეს“ მწვრთნელი - ვფიქრობ, „იბერია“ კონტრშეტევებზე თამაშს შეეცდება, მაგრამ მომენტებს ჩვენც შევქმნით #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში საქართველოს ჩემპიონ „იბერიასთან“ საპასუხო მატჩამდე, „მალმეს“ მთავარი მწვრთნელი, ჰენრიკ რიდსტრომი ჟურნალისტებს შეხვდა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.
„თბილისში მშვენივრად ვითამაშეთ და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. პირველ შეხვედრაში შეცდომები დავუშვით, მაგრამ საპასუხო მატჩში უკეთესად გამოვალთ. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. ამაზე პირველი თამაშის დასრულებისთანავე ვისაუბრეთ, რომ ეს ორრაუნდიანი მატჩის მხოლოდ პირველი ტაიმი იყო. ამიტომ „იბერიასთან“ მატჩში მოედანზე სრული თავდადებით გავალთ.
რას უნდა ველოდოთ მეტოქისგან? ორმატჩიანი დაპირისპირებები ყოველთვის განსაკუთრებულია. რა შეუძლია გააკეთოს მეტოქემ? პირველ შეხვედრაში ბურთი ხშირად ჰქონდათ, მაგრამ იქ, სადაც ამის უფლება ჩვენ მივეცით. მაგრამ თამაშის განვითარება კონტრშეტევებითაც არის შესაძლებელი. ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად მიზნის მიღწევას კონტრშეტევებით შეეცდებიან. ორივე ფლანგზე ჰყავთ სწრაფი ფეხბურთელები და ყურადღებით თამაში გვმართებს.
როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ შეტევებს? ამას რამდენიმე გზა არსებობს. უნდა ვეცადოთ, თავი დავიცვათ და სივრცეები არ დავუტოვოთ. შეგვიძლია, მოწინააღმდეგეს პრესინგი შევთავაზოთ და აქტიურად შევუტიოთ და ამავე დროს, ჩვენი კარი დავიცვათ.
დარწმუნებული ვარ, საგოლე შანსებს შევქმნით, რადგან დიდი შესაძლებლობები გვაქვს და საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირებას მოვიგებთ“ – ამბობს „მალმეს“ მწვრთნელი.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმესა“ და „იბერიის“ საპასუხო შეხვედრა „ელედა სთედიუმზე“ 15 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.