„მალმეს“ მწვრთნელი „იბერიასთან“ მატჩამდე - ტრავმირებულთა გრძელი სია დამაფიქრებელია #1TVSPORT
თბილისის „იბერიასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე „მალმეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰენრიკ რიდსტრომმა გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„გუნდის რამდენიმე ცენტრალური მცველი ტრავმირებულია, მათი არყოფნა რთულ ვითარებას ქმნის. იანვარში ჩვენი შემადგენლობა ოპტიმალური იყო, მაგრამ რაც ახლა ხდება, ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. ყოველთვის ვფიქრობდით, რომ შეგვეძლო რისკების დაზღვევა, მაგრამ ბევრი რამ ისე არ გამოვიდა, როგორც გვეგონა.
ზოგიერთი გუნდი ყოველთვის ერთი სქემით თამაშობს და ეს შეიძლება მათი ძლიერი მხარე იყოს. ჩვენ კი პრობლემებიდან გამომდინარე, ცოტა უფრო მოქნილები გავხდით, სხვადასხვა სათამაშო სისტემაზე გადართვა გვიწევს, ზოგიერთ ფეხბურთელს მისთვის უცხო პოზიციაზე უწევს თამაში.
ტრავმირებულთა გრძელი სია, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელია. შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად კარგად ვითამაშებდით, ყველა ფეხბურთელი მწყობრში რომ იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ცუდად გამოვიყურებით. უნდა ვიპოვოთ გზა, რათა უახლოესი მატჩი საჭირო დონეზე ჩავატაროთ“, – განაცხადა „მალმეს“ მთავარმა მწვრთნელმა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია“ შვედეთის ჩემპიონს 8 ივლისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.