მალკომს ბარსელონადან წასვლა სურს
მალკომს ბარსელონადან წასვლა სურს

მალკომს მიმდინარე სეზონის შემდეგ ბარსელონას დატოვება სურს, კლუბი კი ბრაზილიელის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მასში გადახდილ ფულს ამოიღებს, იტყობიმება ი-ეს-პი-ენი (ESPN).

მალკომი 2016-18 წლებში ფრანგულ ბორდოში თამაშობდა და მისი იტალიურ რომაში გადასვლა უკვე თითქმის გარანტირებული იყო, როდესაც საქმეში ბარსელონა ჩაერთო და მასში 40 მილიონი ევრო გადაიხადა. მიუხედავად ამისა, მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ ეს ფეხბურთელი არაფერში სჭირდება და თავის დროზე ის კლუბის ხელმძღვანელობამ საკუთარი ინიციატივით შეიძინა.

მალკომმა ვალვერდეს ხელში მხოლოდ რვა მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და, მიუხედავად რეალ მადრიდისა და მილანის ინტერის კარებში გატანილი გოლებისა, მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა ვერ შეძლო. მთლიანობაში, ბრაზილიელმა ბარსელონაში 19 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

21 წლის ფეხბურთელი თავდაპირველად ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ძალებს არ დაიშურებდა, თუმცა, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში მას ეს ენთუზიაზმი გაუქრა.