მალხაზ მიქელაძე - ჩემს დანაშაულს ვერ ვხედავ, ვარ კარიერული დიპლომატი და წლების განმავლობაში საქართველოს ვემსახურები
მალხაზ მიქელაძე - ჩემს დანაშაულს ვერ ვხედავ, ვარ კარიერული დიპლომატი და წლების განმავლობაში საქართველოს ვემსახურები

ჩემს დანაშაულს ვერ ვხედავ, ვარ კარიერული დიპლომატი და წლების განმავლობაში საქართველოს ვემსახურები, – ამის შესახებ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მალხაზ მიქელაძემ განაცხადა.

მალხაზ მიქელაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურაში დამაზუსტებელი გამოკითხვა ჩატარდა.

„ჩემს პირად აზრს გამოვხატავ და არ წარმოვადგენ სამინისტროს პოზიციას ცალკეულ საკითხებზე. დამაზუსტებელი გამოკითხვა იყო. აინტერესებდათ მრავალი ტექნიკური დეტალი, რომელშიც დიპლომატი ვერ იქნება მაღალ დონეზე კომპეტენტური, თუმცა გარკვეული გამოცდილება გაგვაჩნია დელიმიტაციის ხანგრძლივი პროცესის შედეგად. ასევე იყო კითხვები კომისიის მუშაობის სპეციფიკაზე, ქცევის კოდექსი როგორია შიგნით, რა წესებით მუშაობს და როგორ მოღვაწეობს“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დაკავებული პირების ბრალეულობას ვერ განსჯის.

„ამის არც კომპეტენცია მაქვს და არც მანდატი. ივერი მელაშვილს საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ. მას ვიცნობ, როგორც კარგ სპეციალისტს და ნამდვილ პატრიოტს. გარკვეული დეტალები მოითხოვდა დაზუსტებას და ეს გამოკითხვა ამას ემსახურებოდა. ჩემს დანაშაულს ვერ ვხედავ, მე ვარ კარიერული დიპლომატი და წლების განმავლობაში საქართველოს ვემსახურები. წარმოდგენილი ვიყავი საქართველოს სახელით მრავალ საერთაშორისო ასპარეზზე.

ბევრი ტექნიკური დეტალი იყო, ვარწმუნებდი იმაში, რომ ამ საკითხებზე მთლად კომპეტენტური არ ვიყავი. კითხვები ეხებოდა, ვის რა პასუხისმგებლობა ჰქონდა კომისიაში, ვინ მუშაობდა ამა თუ იმ რუკაზე, სად მოწმდებოდა ამა თუ იმ პირის პოზიცია და ა.შ. ზოგადად, კომისიის მუშაობის სტილი მოწმდებოდა და კომისიის მართებულობა ყველა ქმედების“, – განაცხადა მალხაზ მიქელაძემ.

მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე იყო. ახლა კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები 211 პირის თავდებობის საფუძველზე ითხოვდნენ ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლებას.

დატოვე კომენტარი