სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე ასლან მარგოშვილი გამოკითხეს. გამოკითხვა რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უწყების დატოვების შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც მისმა ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა განაცხადა, მარგოშვილი მაჩალიკაშვილის ახლობელი არ არის.
„საგამოძიებო ორგანოს კითხვები ძირითადად შეეხებოდა მის კომუნიკაციას მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მის ძმისშვილთან. ამ ადამიანმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ამ შემთხვევაში, არანაირ ბრალეულობაზე ლაპარაკი არ არის. ამ პიროვნებით დაინტერესება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან, მორის მაჩალიკაშვილთან მისი კომუნიკაციებიდან გამომდინარე მოხდა.
ასლან მარგოშვილმა გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, რაზეც ბუნებრივია, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ადვოკატმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის პირველ ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.