მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაშლილ კარავში იმყოფება. მისი თქმით, შეუძლოდ არის და ჟურნალისტებს კომენტარს ვეღარ მისცემს. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც 15:00 საათზეა დაბარებული, არ მივა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას დღეს განაცხადა: „სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდი, რომ მცოდნოდა, უწყება ტერაქტის მომზადებაში მადანაშაულებდა“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.