გორის „დილაში“ კიდევ ერთი ახალწვეულია – გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩამდე კლუბმა მალხაზ გაგოშიძე დაიმატა.
30 წლის მცველმა კარიერა ეროვნულ ლიგაში „ზესტაფონში“ (2011-15) დაიწყო, მერე წყალტუბოს „სამგურალსა“ და „ზუგდიდში“ თამაშობდა, 2017 წელს კი გორის „დილაში“ გამოდიოდა, საიდანაც ბათუმის „დინამოში“ მიიწვიეს და გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ოთხი სეზონი (2018-21) ითამაშა.
შარშან გაგოშიძე მარტვილის „მერანში“ გადავიდა, რომელიც სეზონის ბოლოს ფინანსური პრობლემების გამო თითქმის ყველა ლიდერს დაემშვიდობა და გამოცდილი მცველიც უგუნდოდ დარჩა.
სავარაუდოდ, გაგოშიძე „დილას“ 4 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში დაეხმარება, რომელსაც გორელები სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავენ.
ამ მატჩში გორის „დილას“ ონორე გომისი და ზურაბ თევზაძე ვერ დაეხმარებიან – ისინი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.