„მაკრატელა“ ტრავმით დასრულდა - ზივზივაძეს ტვინის შერყევა აქვს #1TVSPORT
„მაკრატელა“ ტრავმით დასრულდა - ზივზივაძეს ტვინის შერყევა აქვს #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატის ფინიშზე ბუდუ ზივზივაძემ დასანანი ტრავმა მიიღო და უცნობია, 27 წლის ქართველი თავდამსხმელი მოედანს როდის დაუბრუნდება.

ეს ჩემპიონატის 31-ე ტურში მოხდა. გიორგი ბერიძისა და ბუდუ ზივზივაძისუიპეშტი“ „კიშვარდას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ორივე ქართველი ფეხბურთელი მოედანზე იყო (ბერიძე 82-ე წუთზე შეცვალეს), მაგრამ ზივზივაძე მატჩის დასაწყისშივე შესაცვლელი გახდა.

ეს უსიამოვნო ფაქტი მე-20 წუთზე მოხდა – ბერიძის პასით ზივზივაძემ დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია და ბუდუმ მეორედ გატანა „მაკრატელათი“ სცადა. მაგრამ სამწუხაროდ, მიწაზე უხერხულად დაეცა და ექიმების დახმარება დასჭირდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ თამაშის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.

„ტვინის შერყევის გამო, ბუდუ ზივზივაძე „კიშვარდასთან“ პირველ ნახევარში შესაცვლელი გახდა. „უიპეშტის“ თავდამსხმელი მიწაზე დაცემის დროს დაშავდა. მან კარში ბურთის დარტყმა სცადა, მაგრამ ცუდადაც დაეცა. ექიმების ჩარევის შემდეგ ის საკაცეზე მოათავსეს და მოედნიდან გაიყვანეს. ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც ზამთარში კლუბის შეცვლის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა, უკვე მოძრაობს“, – წერს სპორტული გამოცემა m4 sport.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური დარჩა, მაგრამ „უიპეშტი“ სატურნირო თვალსაზრისით, ვერაფერს შეცვლის – გუნდი არც გავარდება და ევროსაგზურსაც ვერ მოიპოვებს.