კომპანიამ „მაკლარენ ეფლაიდ ტექნოლოჯის“ (McLaren Applied Technologies) საკუთარი შეხედულება წარმოადგინა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ფორმულა 1-ის მომავალი. ამისთვის კომპანიამ ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, პოლიტიკური და სოციალური ტენდენციები გააანალიზა და შედეგებს ახალ პროექტში მოუყარა თავი.
„მაკლარენი“ არასდროს ჩერდება ერთ ადგილას. ჩვენ ყოველთვის ვიყურებით მომავლისკენ და ვეძებთ გადაწყვეტილებებს, რომელიბიც ხვალ გამოგვადგება. ბოლო წლებში არაერთხელ ვნახეთ ფორმულა 1-ის მომავლის მანქანების იდეები და კონცეფციები. თუმცა ისეთი დეტალური ანალიზი, როგორიც ჩვენ ჩავატარეთ, ჯერ არ გვინახავს. შევისწავლეთ გულშემატკივრის, ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტების, „მაკლარენის“ პილოტებისა და ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებები, გავაერთიანეთ ისინი და ახლა ველოდებით, როდის გახდება ეს პროექტი დებატების საგანი. გვაინტერესებს, რა რეაგირებას მოახდენს ავტოსპორტის სამყარო ახალ ტექნოლოგიებსა და ტენდენციებზე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ 2050-ში მაყურებლის მოთხოვნილებები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ.“ – განაცხადა კომპანიის სპორტული პროგრამების ხელმძღვანელმა როდი ბასსომ.
„მაკლარენის“ პროექტი შთამბეჭდავია. კომპანიის ახალი კონცეფციის თანახმად, მომავლის ბოლიდს „მაკლექსტრიმი“ (MCLEXTREME) ერქმევა და ექნება ელექტრონული ძალისმიერი აგრეგატი უკანა მოძრავი ღერძით. სიჩქარე 500 კმ/სთ-მდე. ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც მძღოლს მართვაში დაეხმარება. თვითაღდგენადი საბურავები.
გრძელი და ფართე ტრასები ადაპტირებული იქნება ნებისმიერ ამინდთან. ხილვადობა თითქმის 100%-იანი. გამჭვირვალე ბარიერები, რომლებიც საშუალებას მისცემს მაყურებელს მაქსიმალურად ახლოს იყვნენ მთავარ მოვლენებთან.
მომავლის კომბინეზონები საშუალებას მისცემს პილოტებს, გაუძლონ ძალიან დიდ სიჩქარესა და დატვირთვას. ხელოვნური ინტელექტის სისტემა მათ მოქმედებას გააანლიზებს და მართვაში დაეხმარება. მრბოლელის ემოცია და ფიზიკური მდგომარეობა ავტომობილზე აისახება.
ყოველივე ამის ვიზუალური მხარე კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.