მახარაძე „ზორიას“ თურქეთში არ გაჰყვა - ქართველი მეკარე ახალ კლუბს ეძებს
7 იანვარს, ლუგანსკის „ზორია“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც მოემზადება და 8 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. გუნდი შეკრებაზე ქართველი მეკარის, ზაურ მახარაძის გარეშე გაემგზავრა.
გუნდის გენერალურმა დირექტორმა სტანისლავ ოგანოვმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კლუბი 4-5 მოთამაშეს შეელეოდა. ახლა კი დაკონკრეტდა, რომ სიაში მეკარე ზაურ მახარაძეც მოხვდა.
27 წლის ქართველი უკრაინაშია გაზრდილი, წლები იყო საუკეთესო მეკარეებში და „ზორიას“ მთავარი კიპერიც იყო. მაგრამ ზაფხულში დაშავდა და ევროპის ლიგის გათამაშების განაცხადშიც ვერ მოხვდა, ახლა სამწვრთნელო შტაბმა შეკრებაზეც არ წაიყვანა. როგორც ჩანს, ლუგანსკელთა მთავარი მწვრთნელი ვიქტორ სკრიპნიკი სამომავლოდ გუნდში მის ადგილს ვერ ხედავს და მახარაძეს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
მის კარიერაში ცუდი როლი იმ ფაქტმაც ითამაშა, რომ 2018 წელს მახარაძემ მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს ნაკრებში თამაშს დათანხმდა. ანუ ის უკრაინაში ლეგიონერი გახდა, რაც მკაცრი ლიმიტის პირობებში გუნდს პრობლემებს უქმნიდა. ამიტომ, მის ნაცვლად, უკრაინის პასპორტის მქონე მეკარის დაყენება ამჯობინეს.
ზაური ოდესის ოლქის ქალაქ ბალტაში დაიბადა და უკრაინის ყველა ასაკის ნაკრებში უთამაშია. ამის მიუხედავად, ზრდასრულთა დონეზე მახარაძემ გადაწყვიტა წარმოედგინა საქართველო, სადაც მამამისი დაიბადა და გაიზარდა.