ამერიკელი მაიკლ კიეზა, რომელიც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მებრძოლია, თავის კოლეგა კონორ მაკგრეგორს სასამართლოში უჩივის. კიეზა ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის აპრილში მომხდარი ინციდენტისას, როდესაც მაკგრეგორი მებრძოლებით სავსე ავტობუსს დაესხა თავს, მას ფიზიკური, ემოციური და ფინანსური ზიანი მიადგა.
როგორც ირკვევა, ხსენებული ინციდენტის შედეგად კიეზა სერიოზულად დაშავდა და ორი დღის შემდეგ დანიშნულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.
რაც შეეხება მაკგრეგორს, მან დანაშაული აღიარა, რის გამოც მოსამართლემ პატიმრობა არ მიუსაჯა და უფრო რბილი სასჯელი გამოუტანა.
რა თანხას ითხოვს 30 წლის კიეზა ზარალის ანაზღაურების სახით, უცნობია.
აღსანიშნავია ასევე, რომ ზემოხსენებული მიზეზით გამოტოვებული ბრძოლა კიეზამ მოგვიანებით გამართა და მეორე რაუნდში დამარცხდა.
რაც შეეხება კონორ მაკგრეგორს, ორწლიანი პაუზის შემდეგ ის სპორტის ამ სახეობაში კვლავ დაბრუნდა და მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ხაბიბ ნურმაგომედოვს შეებრძოლება.