რამდენიმე დღის წინ, კონორ მაკგრეგორმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. ტვიტერის საკუთარ გვერდზე ირლანდიელმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლა დააანონსა, თუმცა როგორც ჩანს კონორის ეს სიტყვები მთლად სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
მაკგრეგორი ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში „იუ ეფ სიში“ (UFC) დაბრუნებაზე ალაპარაკდა. 30 წლის მებრძოლმა ორგანიზაციას ულტიმატუმი წაუყენა. მას სურს, რომ ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ნოკაუტი მე-13 წამის ნაცვლად მე-12 წამზე გადაკეთდეს. ირლანდიელმა უყურადღებოდ არც ხაბიბ ნურმაგომედოვი დატოვა. „როცა შენ ჩემ წინააღმდეგ იბრძოდი და შენი ფული მიიღე, ამ დროს შენს ძმებს ძარცვავდნენ და თვალებს ულურჯებდნენ, შე პატარა ვირთხავ“, – აცხადებს კონორი ტვიტერის საკუთარ გვერდზე. ბოლოს კი მაკგრეგორმა ბრძოლაში ჰოლივუდის ვარსკვლავი მარკ უოლბერგი გამოიწვია.
დაახლოებით სამი წლის წინ ირლანდიელი უოლბერგის აქციების ყიდვას გეგმავდა, თუმცა ამ დრომდე მან ამ ამოცანის შესრულება ვერ შეძლო.