მაკფადენმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო - საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ფინალის საუკეთესო იყო (ვიდეო)
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგა ესპანურმა „ბურგოსმა“ მოიგო. ეს მეტად საპატიო ტურნირი ბურგოსელებს თად მაკფადენმა მოაგებინა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული რვათა ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მაკფადენი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრია და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების ბოლო ოფიციალურ მატჩში, ბელგრადში, სერბეთთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში „ბურგოსის“ მეტოქე მასპინძელი აეკ-ი იყო. ათენელებმა პირველივე მეოთხედი 10 ქულით მოიგეს. გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც ესპანურმა კლუბმა მეტოქე 23 ქულით (35:12) გაანადგურა. საბოლოოდ, 85:74 ესპანელთა სასარგებლოდ და 2015 წელს დაარსებულმა „ბურგოსმა“ პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ფინალში 11-დან 7 სროლა გამოიყენა და 18 ქულით მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო. სწორედ მაკფადენმა მოიგო ე.წ. რვათა ფინალის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. ნამატჩევს თადმა კომენტარი გააკეთა:
„ახლა „ბურგოსის“ შესახებ ყველამ იცის. როდესაც ამ გუნდში პირველად ვითამაშე, ის მატჩი წავაგეთ, მაგრამ გულშემატკივარი ძალიან მომეწონა. ისინი დაუჯერებლად მაგრად გვიჭერენ მხარს. როგორც არ უნდა ვთამაშობდეთ, ათი ათასი კაცი ყოველთვის დარბაზშია და გვამხნევებს. როცა პირველად ევროპაში ჩამოვედი, ჩეხეთის მეორე ლიგაში ვთამაშობდი. იქ ერთადერთი ამერიკელი ვიყავი. ყველა მეუბნებოდა, რომ აუტსაიდერი ვიყავი. მათ არ ვუსმენდი და ახლა მსოფლიოს მეორე ლიგაში ვთამაშობ. აქ დარჩენა დიდი ხნით მსურს”.