მაკედონიის ჩემპიონატში ქართველი ხელბურთელების კლუბები ლიდერობენ
მაკედონიის ჩემპიონატში ქართველი ხელბურთელების კლუბები ლიდერობენ

გათამაშების 10 ტურის შემდეგ რეზო ჭანტურიას და ირაკლი კბილაშვილის „მეტალურგი“ 26 ქულით პირველ ადგილზეა, რომელსაც ერთი ქულით ლექსო წითელიშვილის „ოჰრიდი“ ჩამორჩება.

მეტალურგი 16 ნოემბრიდან მეორე ევროტურნირზე EHF თასზე ჩაერთვება, სადაც კლუბი პირდაპირ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იყო დაშვებული. სლოვენიის „ველენიეს“ დამარცხების შემთხვევაში ჭანტურია და კბილაშვილი ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. პირველ შეხვედრას „მეტალურგი“ სლოვენიაში შაბათს გამართავს, 24 ნოემბერს კი საპასუხო მატჩი სკოპიეში ჩატარდება.

ბოლო ორ ტურში „მეტალურგმა“ „რადოვიში“ 36-22 დაამარცხა და 39-27 თავისივე კლუბის მეორე გუნდს მოუგო. რევაზ ჭანტურიას პირად ანგარიშზე 10 მატჩში 33 გატანილი გოლია, კბილაშვილმა 9 შეხვედრაში 21 ბურთი მიითვალა, ხოლო მეცხრე ტურის მატჩში „რადოვიშს“ 4 გოლი გაუტანა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა გამთამაშებლის პოზიციაზე.

ლექსო წითელიშვილის გუნდმა პრინციპული თამაში მოუგო ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, „პროლეტს“ – 29-28. ქართველმა უკანახაზელმა წინა ტური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, პროლეტთან კი თავი 2 გოლით გამოიჩინა და 9 მატჩში 16 გოლი დაუგროვდა.