მაკედონიელთა სერიოზული დანაკლისი - ბარდი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა საქართველოსთან 12 ნოემბრის შეხვედრამდე დიდ დანაკლისი განიცადა – გუნდს ბოლო მომენტში ესპანეთის ლა ლიგის გუნდის, „ლევანტეს“ ნახევარმცველი ენის ბარდი გამოაკლდა.
ბარდი ვერც საქართველოსთან ევრო2002-ის პლეი ოფის ფინალს ჩაატარებს და ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ მატჩსაც გამოტოვებს.
ბარდი სკოპიეში ჩავიდა და 12 ნოემბრის მატჩში იგორ ანგელოვსკის გუნდის ერთ-ერთი მთავარი კოზირი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დღეს დილით, საქართველოში გამომგზავრებამდე ცნობილი გახდა, რომ ის თბილისის მგზავრებს შორის არ იქნებოდა. მიზეზი გახდა ტკივილი გულმკერდისა და ზურგის არეში, რამაც ბარდი გუშინდელ ბოლო ვარჯიშზე შეაწუხა.
ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელმა, სამედიცინო გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ამგვარ მდგომარეობაში „ლევანტეს“ მოთამაშის მონაწილეობა თბილისურ შეხვედრაში შეუძლებელი იყო და ბარდიმ შეკრება დატოვა. ის დაუყოვნებლივ დაბრუნდება ვალენსიაში, სადაც გაივლის დეტალურ სამედიცინო გამოკვლევას.
ეს ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მორიგი პრობლემაა – შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მიზეზით გუნდს კიდევ რამდენიმე ლიდერი დააკლდა – ადემი, რისტევსკი და ველკოვსკი.