„მაკარტურის“ გენერალური მენეჯერი - დარწმუნებული ვარ, არაბული გულშემატკივრებს აიძულებს, სკამიდან ხშირად წამოხტნენ #1TVSPORT
ავსტრალიურ საფეხბურთო კლუბ „მაკარტურის“ გენერალურმა მენეჯერმა, სემ კრსლოვიჩმა გუნდის ახალწვეულის, ბერძნული „ლამიადან“ დამატებული ბაჩანა არაბულის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი თავდამსხმელი გუნდს საჩემპიონო ფინალში გაიყვანს
„მოხარულები ვართ, რომ ბაჩანასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელიც ჩვენს გუნდს გამოცდილებას შემატებს. არაბულმა საკუთარი კარიერის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ითამაშა, დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე ყოფნა ჩვენს გულშემატკივრებს აიძულებს, სკამიდან ხშირად წამოხტნენ. ის ფანტასტიკური მოთამაშეა!“, – განაცხადა კლუბის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა.
ტრანსფერს neoskosmos გამოეხმაურა. ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, არაბული მეათე მოთამაშეა, რომელიც „მაკარტურმა“ საბერძნეთის ჩემპიონატიდან ბოლო სამ წელიწადში შეიძინა.
„ქართველი გუნდში „მანჩესტერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დუაიტ იორკმა მიიწვია. ავსტრალიურ კლუბში საბერძნეთის სუპერლიგიდან წასულთა სიას თავის სახელს ამატებს. 28 წლის გამოცდილი არაბული ის ფეხბურთელია, რომელსაც ავსტრალიის ა ლიგაში ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ეს არ არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ხანდაზმულმა ფეხბურთელმა აირჩია ეგზოტიკური ლიგა თავისი ბოლო აკორდის დასაკრავად.
საქართველოს ნაკრებში ნათამაშებ თავდამსხმელს ტიტულების მოპოვება სურს. ეჭვგარეშეა, რომ „მაკარტურში“ წარმატებით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა დუაიტ იორკი ბრიტანული მედიის ყურადღებას მიიპყრობს და გადააქცევს სეზონს არაფორმალურ აუდიენციად ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, რომელიც ოცნებობს, რომ კარიერა ფეხბურთის სახლში, ინგლისში გააგრძელოს“, – წერია ბერძნულ გამოცემაში.
ბოლო ორი წელი ქართველი თავდამსხმელი „ლამიაში“ გამოდიოდა. არაბულმა ლურჯების შემადგენლობაში 50-ჯერ ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. „მაკარტურის“ ადმინისტრაციამ სეზონის დაწყებამდე გუნდს მიზნად ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობა დაუსახა.