მაისურაძისა და თუშიშვილის წარმატებული სტარტი კონტინენტის პირველობაზე #1TVSPORT
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი გამოვა საასპარეზოდ, რომელთაგან სოფიო სომხიშვილი (+78კგ) უკვე პირველივე დაპირისპირებაში ნიდერლანდელ მარიტ კამპსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ლუკა მაისურაძემ (90კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100) ტურნირზე გამოსვლა წარმატებულად დაიწყეს. ლუკამ ესტონელი ლენ კრისტოფერ კალიულაიდისი ვაზარით დაამარცხა, თუშიშვილმა კი ოდნავ მძიმედ დაიწყო, ქართველმა გერმანელ ლოსენი კონეს დამატებიტ დროში სძლია.
ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე 100კგ) პირველ შეხვედრებს რამდენიმე წუთში გამართავენ. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.
ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.