მაისურაძის 19-წლამდელები პორტუგალიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებენ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები პორტუგალიის საერთაშორისო, ამხანაგურ სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
„ვასილ მაისურაძის გუნდი, პორტუგალიაში 10 ნოემბერს გაემგზავრება და ტურნირზე დანიისა და მასპინძელი პორტუგალიის 19-წლამდე გუნდებს დაუპირისპირდება. მატჩებს, 11-დან 14 ნოემბრამდე, პორტუგალიის ქალაქი – პორტუ უმასპინძლებს. თამაშების განრიგი და საშეჯიბრო სახის სხვა დეტალები, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – წერია სფფ-ს ცნობაში.
პორტუგალიის ასაკობრივი გუნდი, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამი გათამაშების ფინალისტია – 2017 და 2019 წლებში ფინალში დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს იტალიასთან გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის მოპოვება შეძლეს.
დანიელმა 19-წლამდელებმა, 6-12 ოქტომბერს გამართული საკფალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, საქართველოს მსგავსად პირველ ადგილზე დაასრულეს. დანიამ ჯგუფში ყაზახეთს, ჩრდილოეთ ირლანდიასა და მასპინძელ ჩეხეთს აჯობა. ასე რომ, ვასილ მაისურაძის ნაკრებს სერიოზული გამოცდა და კარგი თამაშები ელის.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 6-12 ოქტომბერს, ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპს 18 ივნისიდან 1 ივლისამდე სლოვაკეთი უმასპინძლებს.