მაიკ ბრაიანი 500 კვირაა, რაც წყვილების საჩოგბურთო რეიტინგს ლიდერობს - ეს ახალი რეკორდია
ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი მაიკ ბრაიანი 500 კვირაა, რაც სათავეში უდგას ATP-ის წყვილთა რეიტინგს. ის პირველი მოთამაშეა ისტორიაში, რომელმაც ამდენი ხანი დაჰყო საჩოგბურთო კლასიფიკაციის პირველ პოზიციაზე. მეორე ადგილზე მისი ძმა ბობ ბრაიანია, რომელიც რეიტინგს ჯამში 439 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.
41 წლის ბრაიანმა პროფესიულ ტურში მოიგო 123 ტურნირი წყვილთა თანრიგში, ასევე ოქროს მედალი აიღო ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე. მაიკს 18-ჯერ აქვს მოგებული „დიდი სლემის“ ტურნირი წყვილებში და კიდევ ოთხჯერ – მიქსტში.
ერთეულთა თანრიგში ყველაზე დიდხანს რეიტინგის ლიდერი იყო შვეიცარიელი როჯერ ფედერერი – 310 კვირა.
ქალებს შორის ამ მაჩვენებლით ლიდერია ლეგენდარული გერმანელი შტეფი გრაფი – 377 კვირა. წყვილებში კი ლიდერად რჩება ამერიკელი მარტინა ნავრატილოვა (237).