„მაიამი ჰიტმა“ ფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო და „დენვერ ნაგეტსს“ მოედნის უპირატესობა წაართვა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გრძელდება სუპერფინალური სერია „დენვერ ნაგეტსსა“ და „მაიამი ჰიტს“ შორის. დაპირისპირების მეორე შეხვედრას „დენვერმა“ უმასპინძლა და 108:111 დამარცხდა.
„მაიამის“ კალათბურთელებმა გუნდურად შესანიშნავად იმოქმედეს. ჯამში, მათ 15-ქულიანი სხვაობა გააბათილეს და შეხვედრის ბოლო მეოთხედში წინაც გავიდნენ. გუნდის საუკეთესო მექულე გეიბ ვინსენტი გახდა (23 ქულა). ჯიმი ბატლერმა და ბემ ადებაიომ 21-21 ქულა დააგროვეს, სტრუსმა – 14. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დანკან რობინსონის 10 ქულა მატჩის მეოთხე მეოთხედში.
„დენვერს“ კვლავ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის უძვირფასესმა მოთამაშემ 41 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა. 18 ქულით გამოირჩა ჯამალ მარი, ხოლო აარონ გორდონმა თავის გუნდს 12 ქულა შესძინა.
შედეგად, „მაიამიმ“ სუპერფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1) და „დენვერს“ მოედნის უპირატესობა წაართვა (გადამწყვეტი თამაშის მოგება საკუთარ მოედანზე შეუძლია). გუნდებს შორის მორიგი მატჩი 8 ივნისს, „მაიამის“ დარბაზში გაიმართება.