MagpieMedia - „ნიუკასლი“ „ვალენსიას“ მამარდაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდა, „დინამო თბილისი“ დაახლოებით 3,5 მილიონი ევროს მიიღებს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი მადრიდის „ატლეტიკოში“ ითამაშებს, თუ იან ობლაკი გუნდს დატოვებს, ხოლო ქართველის ტრანსფერის შემთხვევაში თანხას „დინამო თბილისიც“ მიიღებს.
„ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ იან ობლაკის საკითხი ღია რჩება. მადრიდის „ატლეტიკო“ მას კვლავ საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს, მაგრამ არ გადაეღობება, თუ ობლაკი მნიშვნელოვან წინადადებას მიიღებს. ობლაკის წასვლის შემთხვევაში, „ატლეტიკოს“ სიაში პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილია“, – წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ძალიან საინტერესო დეტალს ავრცელებს სოციალურ ქსელ X-ში „ნიუკასლის“ MagpieMedia, რომლის მტკიცებითაც, ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ვალენსიას“ ტრანსფერზე თუ შეუთანხმდა, თანხის 10 პროცენტს (3,5 მილიონ ევროს) „დინამო თბილისი“ მიიღებს, საიდანაც „ჯვაროსნების“ მეკარე ესპანეთში გადავიდა.
„23 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენაზე „ნიუკასლი“ „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. კლუბები სიტყვიერად შეთანხმდნენ დაახლოებით 35 მილიონი ევროს (29,8 მილიონი ფუნტი) საფასურზე, საიდანაც 10% მამარდაშვილის ყოფილ კლუბს, „დინამო თბილისს“ დაერიცხება.
„ნიუკასლი“ და თავად მამარდაშვილი დაჟინებით ითხოვენ ტრანსფერის რაც შეიძლება მალე განხორციელებას და არის იმედი, რომ ეს ტრანსფერი ევრო 2024-ის დაწყებამდე დასრულდება, ტურნირამდე, რომელშიც მამარდაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.
მოსალოდნელია, რომ პრობლემა არც მეკარის პირადი პირობები გახდება. თითქმის 2 მეტრის სიმაღლის მამარდაშვილი დაინტერესებულია „კაჭკაჭებში“ გადასვლით და ინგლისური კლუბის პროექტით და პრემიერ ლიგაში თამაშის შესაძლებლობით აღფრთოვანებულია“, – წერს MagpieMedia.