მაღალი ტემპი, რვა ყვითელი ბარათი და გაყოფილი ქულები - „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ დაუზავდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „საბურთალომ“ ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით პირველი თამაში ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარა და მეტოქესთან ქულები გაინაწილა – 0:0.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე მაღალ ტემპში და დაძაბულად წარიმართა. ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა და მეტოქეები ბოლო წამამდე იბრძოდნენ. ზოჯერ ბრძოლა უხეშობაშიც გადადიოდა და ამის გამო მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი რვაჯერ გამოიყენა.
პირველ ტაიმში გოლის გატანის რეალური შანსი გიორგი ზარიას ჰქონდა, მაგრამ ბათუმელთა ნახევარმცველის დარტყმაზე „საბურთალოს“ მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა.
შესვენების შემდეგ „დინამოს“ თავდამსხმელს, პაატა ღუდუშაურს შეეძლო გატანა, მაგრამ ახლოდან ლაზარე კუპატაძეს ვერ აჯობა. ამის შემდეგ ორი კარგი შანსი „საბურთალომ“ შექმნა, თუმცა სირილ ჩამბამ მეკარე როინ კვასხვაძეს ვერცერთხელ ვერ აჯობა.
29 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 63 ქულით ისევ პირველ ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ (46) წყალტუბოს „სამგურალს“ დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე დაწინაურდა.