მაღალ დონეზე თამაშის რეალური პერსპექტივა აქვს - ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ვებგვერდმა ლუკა მატკავა გამოარჩია #1TVSPORT
9 დეკემბერს „შავი ლომი“ „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაში სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს – თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ინგლისურ „გლოსტერს“ დაუპირისპირდება.
ტურნირის დაწყებამდე ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ვებგვერდმა ხუთი მორაგბე გამოარჩია, ვისი თამაშიც სეზონის მიმდინარეობისას ყურადღებას იმსახურებს, მათ შორის „შავი ლომისა“ და საქართველოს ნაკრების მგეზავი – ლუკა მატკავაც მოხვდა.
„ლუკა მატკავამ თავისი თავდაჯერებული თამაშით მაშინაც მიიქცია ყურადღება, როდესაც მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა წააგო ავსტრალიასთან.
მატკავამ გაიტანა 2022 წელს გადამწყვეტი ჯარიმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს კარდიფში უელსის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება მოუტანა. 22 წლის მორაგბეს მაღალ დონეზე თამაშის რეალური პერსპექტივა აქვს“, – წერს ვებგვერდი epcrugby.com-ი.
მატკავას გარდა, აღნიშნულმა ვებგვერდმა ემილიანო ბოფელი, ჯეიკ პოლედრი, ჯო სიმონდსი და ლუკანიო ამი გამოარჩია.