მადრიდის „რეალმა“ ვალენსიაში წააგო, მოქმედმა ჩემპიონმა „მაკაბი“ დაამარცხა

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე 27-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ესპანურ დერბიში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალი“ მიიღო და ანგარიშით 96-88 დაამარცხა. მაღალ შედეგიანი მატჩის ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები 10 ქულის სხვაობით იგებდნენ. ლუკა დონჩიჩის გარეშე მოთამაშე სამეფო კლუბმა ბოლო მეოთხედში გაიბრძოლა, თუმცა თამაშის შემოტრიალება ვეღარ შესძლო. გამარჯვებულთა შორის ბოიან დუბლევიჩი გამოირჩა. მონტენეგროელ მძიმე ფორვრადს  17 ქულა და 7 მოხსნა მოუგროვდა. 14 ქულა დაფიქსირდა გერმანელი ცენტრის, ტიბორ პლაისის ანგარიშზე. „რეალის“ რიგებში არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო იყო საუკეთესო, 17 ქულით. მარცხის მიუხედავად მადრიდელებმა სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი შეინარჩუნეს. რაც შეეხება ვალენსიას, ტჩუს ვიდორეტას გუნდი მე-13-ე პოზიციაზეა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს.

მორიგი მატჩი მოიგო „ფენერბახჩემ“. წინა ტურში მოსკოვის „ცსკას“-თან ბოლო წამებზე განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ დარბაზში თელ-ავივის „მაკაბი“ ანგარიშით 87-73 დაამარცხა. სტამბოლელებს მარკო გუდურიჩმა ულიდერა. სერბმა კალათბურთელმა თამაში 23 ქულით დაასრულა. ლუიჯი დატომეს მონაგარმა 16 ქულა შეადგინა. ჟელიმარ ობრადოვიჩის გუნდი მეორე ადგილს ინარჩუნებს. „ფენერი“ მომდევნო ტურში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდება.

„ჟალგირისი“- „ოლიმპია“ მილანი 77-65
„პამათინაიკოსი“-„ცრვენა ზვეზდა“ 91-71

დღეს, 27-ე ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი გაიმართება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ გერმანულ „ბროზეს“ მიიღებს. გიორგი შერმადინის „უნიკახა“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს