მადრიდის „რეალი“ კვარაცხელიაში 80 მილიონს იხდის - არსებობს მეორე ვერსიაც #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ კვარაცხელიაში 80 მილიონს იხდის - არსებობს მეორე ვერსიაც #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესზე ბოლო საათებში ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გავრცელდა. პირველის ავტორი ამტკიცებს, რომ სამეფო კლუბი მზადაა, ქართველ ტალანტში 80 მილიონი გადაიხადოს, ხოლო მეორე ვერსიით, მადრიდელებმა ამ განზრახვაზე უარი თქვეს.

 

fichajes.net – სერია A-ს ვარსკვლავი, რომელსაც „რეალი“ აკვირდება

„ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სტარტზე ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციაა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რის შედეგადაც სულ რაღაც 21 წლის ასაკში ის ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. კვარაცხელიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ევროპული გუნდის ინტერესი გამოიწვია, მათ შორისაა მადრიდის „რეალი“, რომელიც გარკვეული პერიოდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს თავდამსხმელის განვითარებას.

კვარაცხელიათი კარლო ანჩელოტის გუნდი იმდენადაა დაინტერესებული, რომ სურს საკმარისად სოლიდური შეთავაზება გააკეთოს, რათა კვარა მომავალ სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუს“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი გახდეს, „ნაპოლი“ კი საუკეთესო ფეხბურთელს გაუშვებს, თუ დაახლოებით 80 მილიონ ევროს მიიღებს.

კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს – შესანიშნავმა თამაშმა მისი საბაზრო ღირებულება მკვეთრად გაზარდა. სხვა დაინტერესებულ გუნდებსაც ზაფხულში მოუწევთ ჯიბეებში ხელის ჩაყოფა, თუ სურთ, გადაიბირონ კვარაცხელია, რომელიც საქართველოში თამაშიდან სულ რაღაც ორ წელიწადში შეიძლება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოხვდეს“.

 

Defensa Central – „რეალმა” სერია A-ს სუპერვარსკვლავის შეძენაზე უარი თქვა

მეორე მხრივ, Defensa Central-ი ამტკიცებს, რომ მადრიდის „რეალმა“ გადაწყვიტა, „ნაპოლის“ 21 წლის სუპერვარსკვლავზე დაკვირვება შეწყვიტოს.

„მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ მზარდი ტალანტებისადმი ინტერესს. როგორც ჩანს, კლუბს სურს კონკურენციის გაზრდა. მომავალ სატრანსფერო „ფანჯარაში“ მადრიდის „რეალის“ პრიორიტეტული სამიზნეები ჯუდ ბელინგემი და ალფონსო დევისი არიან, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლის კანდიდატია ასევე იოშკო გვარდიოლი.

როცა საქმე ტალანტებს ეხება, ძალიან ცოტამ შეძლო სეზონში ისეთი წინსვლა, რამდენიც „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ. იგი ნეაპოლში უცნობი მოთამაშის სახელით ჩავიდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა უკვე მოიპოვა მეტსახელი „კვარადონა“. ბუნებრივია, მადრიდის „რეალი“ ერთ-ერთია იმ კლუბებიდან, რომლებიც დაინტერესდნენ ახალგაზრდით.

გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია მადრიდის „რეალის“ რადარებში აღარ არის და კლუბმა გადაწყვიტა, შეწყვიტოს „ნაპოლის“ 21 წლის სუპერვარსკვლავზე დაკვირვება. გადაჭარბებული არ არის იმის თქმა, რომ კვარაცხელიას შეუძლია, გახდეს თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, თუ გააგრძელებს ისე თამაშს, როგორიც „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ შეძლო.

ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მარცხენა ფლანგზე „რეალში“ თამაშობს ვინისიუს ჟუნიორი. ამრიგად, კვარაცხელიასთვის დიდი ფულის გადახდას აზრი იმიტომ არ აქვს, რომ მადრიდელთა შემადგენლობაში გასაძლიერებელი სხვა პოზიციებია“.