მადრიდის „რეალი“ აგვისტოში „პარი სენ-ჟერმენიდან“ 200 მილიონ ევროდ კილიან მბაპეს შეძენას აპირებს #1TVSPORT
ESPN-ის ჟურნალისტის, როდრიგო ფაესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ გეგმავს, კილიან მბაპე აგვისტოში, ლა ლიგაში სეზონის დაწყებამდე ოფიციალურად გაიფორმოს.
კლუბში აცნობიერებენ, რომ ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერი დაახლოებით 200 მილიონი ევრო ეღირება და მზად არიან, ეს თანხა „პარი სენ-ჟერმენს“ გადაუხადონ.
რაც შეეხება უშუალოდ ფეხბურთელთან კონტრაქტს, „სამეფო კლუბი“ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანთან ხელშეკრულებას 2029 წლამდე გააფორმებს და ის ისეთივე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩაითვლება გუნდისთვის, როგორც ჯუდ ბელინგემი და ვინისიუსი.
ფაესი იმასაც წერს, რომ ფლორენტინო პერესის გეგმაა, განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გულშემატკივრებს კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი ერთად წარუდგინოს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს მხოლოდ 250 მილიონ ევროდ დათმობდა, თუმცა ESPN-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ახლა კლუბი მას ნაკლებ თანხადაც შეელევა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელი არ აპირებს, გამოიყენოს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტში არსებული პუნქტი, რომელიც 2024 წელს ხელშეკრულების ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს. კლუბის პოზიცია მბაპესთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია – ის ან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ან მიმდინარე ზაფხულში გაიყიდება.