მადლობა ჯანო - ფეხბურთის ფედერაცია ანანიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ტრავმების გამო ნაადრევად დაასრულა.
„ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ჯანომ 2009-2019 წლებში ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. მადლობა ჯანო“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
ბოლო წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა, რადგან ტრავმებმა სრულფასოვნად ვარჯიშის და თამაშის საშუალება არ მისცა და იძულებული იყო, საყვარელ საქმეზე უარი ეთქვა. ცნობილია, რომ ტრავმების შედეგად კარიერის პერიოდში სამი წელი გაუცდა და დიდი მცდელობის მიუხედავად, სრულფასოვნად აღდგენა ვერ მოახერხა.
1992 წლის 10 ოქტომბერს ქობულეთში დაბადებული ჯანო ანანიძე ყველაზე პატარა ასაკის ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ითამაშა – 2009 წლის 5 სექტემბერს, იტალიის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში „ჯვაროსნების“ ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა სადებიუტო შეხვედრა – მაშინ ანანიძე 16 წლის იყო.