“არსენალის” ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს კლუბში სამწვრთნელო კარიერას დაასრულებს.
ვენგერი ლონდონელებს 22 წლის მანძილზე წვრთნიდა და კლუბს კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წლით ადრე დატოვებს.
“არსენალი” პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილზეა და დიდია ალბათობა იმისა, რომ საუკეთესო ოთხეულში ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდება. “ჩემპიონთა ლიგაზე” გასვლის პრაქტიკულად ერთადერთი შანსი “ევროპა ლიგის” მოგებაა.
ვენგერის მწვრთნელობისას “არსენალმა” სამჯერ მოიგო პრემიერლიგა და შვიდჯერ ინგლისის თასი.
“მე მადლიერი ვარ, რომ ასეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე ვემსახურებოდი შესანიშნავ კლუბს,” განაცხადა ვენგერმა. “არსენალის” ყველა გულშემატკივარს მოვუწოდებ დააფასონ ის ღირებულებები, რომლებზეც ეს გუნდი დგას.”
არსენალის მფლობელის, სტენ კროენკეს მიხედვით – “ეს “არსენალისათვის” ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე იყო.”
არსენ ვენგერი “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელად 1996 წლის პირველი ოქტომბრიდან მუშაობდა. ბოლო ორ სეზონში კლუბის შედეგებმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია.
“არსენალმა”, მას შემდეგ რაც კლუბს ვენგერი წვრთნის, შარშან პირველად ვერ მოახერხა ტოპ ოთხეულში მოხვედრა. ლონდონელები წელს მე-4 ადგილზე მყოფ “ტოტენჰემს” 14 ქულით ჩამორჩებიან და სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ხუთი მატჩია დარჩენილი.
“მეთოფეები” “ევროპა ლიგის” ნახევარფინალის პირველ შეხვედრას 26 აპრილს, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღგმდეგ ჩაატარებენ.