ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრას ოთარ კაკაბაძეც გამოტოვებს. ეს სამწუხარო ამბავი მატჩამდე მცირე ხნით ადრე გახდა ცნობილი.
ტარაგონას “ხიმნასტიკის” მარჯვენა მცველი საქართველოს ნაკრებს ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურის შემდეგ, 3 ივნისს შეუერთდა. მაგრამ ჟოზი ბარტელის სახელობის სტადიონზე (სადაც შეხვედრა ჩატარდება) მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე 22 წლის ფეხბურთელი დაშავდა და ცნობილი გახდა, რომ დღეს ლუქსემბურგთან შეხვედრაში “ჯვაროსნებს” ვერ დაეხმარება.
ფიფას წესების თანახმად, მალტასთან მიღებული წითელი ბარათის გამო, ამ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ვერც ვაკო გვილია დაეხმარება. მანამდე კი გუნდს ტრავმების გამო გიორგი ჩაკვეტაძე და ლადო დვალიშვილიც გამოაკლდნენ. ამგვარად, ლუქსემბურგთან შეხვედრისთვის ჩვენი ნაკრები 21 ფეხბურთელით ემზადება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 ივნისს, ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.