ლუქსემბურგში „მეცს“ და მიქაუტაძეს ელიან - ყველა ბავშვი ქართველის ნახვას იმედოვნებს, მისი პლაკატებიც დამზადებულია #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული „მეცი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს, გუნდი ლუქსემბურგშია და ვალ დე ლორნის საფეხბურთო კლუბის ბაზაზე ივარჯიშებს.
ამ პერიოდში „მეცი“ რამდენიმე საკონტროლო მატჩსაც გამართავს – პირველი სპარინგი 11 ივლისს ომეკურაში, „ივან ტეპუსის სტადიონზე“, „რასინგ ლუქსემბურგთან“ დაიგეგმა. ფრანგული კლუბი ზაფხულში ლუქსემბურგს ზედიზედ მეშვიდედ ესტუმრება და ამისთვის „ივან ტეპუსის სტადიონი“ საგანგებოდ ემზადება, გაზონის მოვლაზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ზრუნავენ, საფეხბურთო კლუბის მოხალისეები კი ტრიბუნებს აწესრიგებენ.
ამ მოლოდინის მიზეზი კი ისაა, რომ იმედოვნებენ, თავიანთ პატარა ქალაქში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეს და ბომბარდირს, გიორგი მიქაუტაძეს იხილავენ და მისი პლაკატებიც დაამზადეს. ამის შესახებ გამოცემა republicain-lorrain-თან „რასინგ ლუქსემბურგის“ პრეზიდენტმა ისაუბრა.
„ადგილობრივი კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეები ელიან შეხვედრას, სადაც შესაძლოა, გაუმართლოთ და გასული სეზონის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშისა და ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის წინააღმდეგ ითამაშონ. მის ნახვას ელის ჩვენი გულშემატკივარი და ყველა ბავშვი. ვიმედოვნებ, რომ ლუქსემბურში შეკრების დაწყებამდე მიქაუტაძეს ახალ კლუბში არ გადაიყვანენ“, – ამბობს ლუქსემბურგული კლუბის პრეზიდენტი ჟულიენ ზამიჩი.