ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი - მოტივაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ თამაშზე სხვა ფაქტორებიც გავლენას მოახდენს #1TVSPORT
საქართველოსთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე ლუქსემბურგის ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ივარჯიშა, ხოლო სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა პრესკონფერენცია გამართა.
„ფეხბურთელებს დღეს ვარჯიშზე დავაკვირდები და ამის შემდეგ მეცოდინება, ვინ შეძლებს თამაშს ტრავმირებულთაგან. ხვალ მოტივაცია მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ თამაშზე სხვა ფაქტორებიც გავლენას მოახდენს.
გუნდში კარგი განწყობაა, ყველა მშვიდადაა. ფეხბურთელები მატჩს დიდი იმედით ელიან. სტადიონზე 55 000 გულშემატკივრის ყოფნა ჩვენთვის სტიმული იქნება.
ვიცი, ვის ვათამაშებ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ დღევანდელ ვარჯიშზე მოთამაშეებს კიდევ დავაკვირდები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.
შეხვედრამდე გუნდს განსაკუთრებულს არაფერს ვეტყვი, რადგან აქ მონაწილეობაც კი თითოეული მათგანისთვის საკმარისი სტიმულია“, – განაცხადა ლუკ ჰოლცმა.
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.