ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობა ემუქრება #1TVSPORT
ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობა ემუქრება #1TVSPORT

ლუქსემბურგის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, გერსონ როდრიგესს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ, რის გამოც ფეხბურთელს სასჯელი ელის, – იუწყება ლუქსემბურგული გამოცემა RTL Today.

„ლუქსემბურგის პროკურატურა სასჯელის სახით ფეხბურთელისთვის 15-თვიან პირობით თავისუფლების აღკვეთას, სიბრაზის მართვის იძულებით თერაპიასა და დაზარალებულისთვის ფინანსური კომპენსაციის გადახდას ითხოვს. განაჩენი 27 მარტს გამოცხადდება“, – ამტკიცებს RTL Today.

გერსონ როდრიგესი ბრატისლავის „სლოვანში“ ქართველების, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას თანაგუნდელია. საინტერესოა, რომ მან 2023 წლის ივნისში ნაკრების შეკრება მთავარ მწვრთნელთან, ლუკ ჰოლცთან კონფლიქტის გამო დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩებში საქართველო – ლუქსემბურგს, საბერძნეთი კი ყაზახეთს ეთამაშება.

ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. ყველა ბილეთი გაყიდულია.