ლუკა ზარანდიამ პოლონეთში გაიბრწყინა [ვიდეო]
ლუკა ზარანდიამ პოლონეთში გაიბრწყინა [ვიდეო]

ლუკა ზარანდიამ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ლიგიდან გავარდნილ სოსნოვიეცის „ზაგლებიესთან“ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მისი ბედი გადაწყვიტა.

85-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, თანაგუნდელ მაცეი იანკოვვსკის საგოლე გადაცემით ანგარიშის გახსნაში დაეხმარა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში (90+7) მეტოქე გატეხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0. „ზაგლებიეს“ ძირითადში გიორგი ივანიშვილი იყო, რომელიც დამატებულ დროში (90+2 წუთზე) შეცვალეს, ხოლო გიორგი გაბედავა 75-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

„ზაგლებიე“ ლიგიდან გავარდა, ხოლო ზარანდიას „არკას“ ექსტრაკლასაში დარჩენის დიდი შანსი აქვს. ზარანდიამ მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 21 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა თავდამსხმელმა „ინსთანთ ინდექსის“ ანალიტიკური პროგრამით 433 ქულა დააგროვა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. გოლის და საგოლე გადაცემის გარდა, კარში კიდევ ხუთჯერ დაარტყა, 15 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა და გადაცემების 83%-იც ზუსტი აღმოაჩნდა.