ლუკა პარკაძე ახალი სეზონისთვის მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად მოემზადება და მალე შეკრებაზე გაემგზავრება, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
გერმანული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა დაასახელა შემადგენლობა, რომელიც 2023/24 წლების სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ამ სიაშია 18 წლის ქართველი შემტევი, რომელიც გუნდში „დინამო თბილისიდან“ გადავიდა და მიუნხენურ გრანდში 33-ნომრიანი მაისურა მიიღო.
„ბაიერნის“ მოთამაშეებმა ორშაბათს სავალდებულო სამედიცინო შემოწმება გაიარეს. სეზონისწინა პირველ შეკრებას გუნდი ბავარიის ალპებში მდებარე საკურორტო ქალაქ ტეგერნზეს საწვრთნელ ცენტრში გაივლის, რომელიც მიუნხენიდან 50 კილომეტრითაა დაშორებული. გუნდი იქ ერთი კვირის განმავლობაში (15-20 ივლისი) მოემზადება.
პირველ შეკრებაზე „ბაიერნს“ ვერ გაჰყვა მეკარე მანუელ ნოიერი, მან ტესტირება გაიარა, მაგრამ შეკრებაზე გასამგზავრებელთა სიაში არ არის. ეს ფაქტი აძლიერებს იმ ვარაუდს, რომ, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილი მალე მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდეს.
ცნობილია ასევე მოსამზადებელ ეტაპზე „ბაიერნის“ ამხანაგური მატჩების განრიგი და მეტოქეების ვინაობაც:
26 ივლისი
„ბაიერნი“ – „მანჩესტერ სიტი“
29 ივლისი
„კავასაკი“ – „ბაიერნი“
2 აგვისტო
„ლივერპული“ – „ბაიერნი“
12 აგვისტოდან გერმანიაში ახალი სეზონი იწყება. მიუნხენელები პირველ შეხვედრას გერმანიის სუპერთასზე „ლაიპციგის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ, 18 აგვისტოს კი ბუნდესლიგის პირველ ტურში სტუმრად ბრემენის „ვერდერს“ ეთამაშებიან.