ლუკა მოდრიჩი - მსურს, მეტი ვითამაშო, „რეალში“ შექმნილი ვითარება ჩემთვის ახალია #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ 38 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა გუნდში თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოთქვა. როგორც მოდრიჩი ამბობს, თავს კარგად გრძნობს და სურს, მეტი სათამაშო წუთი მიიღოს.
„მადრიდის „რეალში“ შექმნილი ვითარება ჩემთვის ახალია. არ ვთამაშობ იმდენს, რამდენსაც ვისურვებდი. ვფიქრობ, დასვენება არ მჭირდება და მინდა, მოედანზე მეტი დრო გავატარო.
საუკეთესო კონდიციებს ჩემთვის მუდმივი სათამაშო დრო განაპირობებს. შესაძლოა, ხშირი დასვენება მომავლისთვის კარგი იყოს, თუმცა ასეთ სიტუაციაში ყოფნა ჩემთვის მიუღებელია.
თავს იდეალურად ვგრძნობ, არაფერი მაწუხებს და მზად ვარ, სამ დღეში ერთხელაც კი სრული დატვირთვით ვითამაშო. მიუხედავად ყველაფრისა, ეს პროცესი მაინც ნორმალურად უნდა მივიღო“, – აცხადებს მოდრიჩი.
მიმდინარე სეზონში 2018 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულმა მადრიდის „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამი შეხვედრა დაიწყო.