ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „მილანთან“ ქულა მოიპოვა და გადარჩენის შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ქართველის „კრემონეზე“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „მილანს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 1:1.
იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურის შეხვედრაში 24 წლის მცველი „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. „სან სიროზე“ გამართულ დაპირისპირებაში „მილანმა“ სტუმართა კარი მე-11 წუთზე ალექსის საელმეკერსის დარტყმით აიღო, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა და ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში მილანელები უტევდნენ, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღეს – 88-ე წუთზე „კრემონეზეს“ შეტევა დავიდ ოკერეკემ დააგვირგვინა. 90+3-ე წუთზე ქართველი მცველის გუნდს რადე კრუნიჩმა გაუტანა და შეხვედრაში საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
33 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 21 ქულით მე-19 ადგილზეა და სერია B-ში გავარდნის საფრთხის წინაშე დგას, თუმცა კრემონელები „სპეციასა“ (27) და „ვერონას“ (27) დაწევის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.