ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია A-ს აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა „კრემონეზეში“, რომელიც იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში კონკურენტს, ბოლოადგილოსან „ვერონას“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
„ვერონაში ისეთი მატჩი უნდა ჩავატაროთ, როგორიც ვიალის სახელს შეეფერება“, – ეს „კრემონეზეს“ მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც გაიხსენა 6 იანვარს გარდაცვლილი ჯანლუკა ვიალი – იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, რომელმაც კარიერა „კრემონეზეში“ დაიწყო.
კრემონელთა გუნდი მოედანზე სამგლოვიარო სამკლაურით და ვიალის გამოსახულებიანი მაისურით გავიდა, მაგრამ იტალიის ნაკრების ლეგენდის ხსოვნის შესაფერისად ვერ ითამაშა – მატჩი „ვერონას“ კარნახით მიმდინარეობდა და მასპინძლებმა მიზანსაც მიაღწიეს.
საქართველოს ნაკრების მცველი „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
„ვერონა“ პირველსავე ტაიმში სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა. ანგარიში დარკო ლაზოვიჩმა მე-9 წუთზე გახსნა, რომელმაც 26-ე წუთზე დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ეფექტური მეორე გოლი იყო, რომელიც „ვერონას“ შოტლანდიელი მცველის, ჯოშ დოიგის შესანიშნავ რეიდს მოჰყვა – მან საკუთარიდან მეტოქის საჯარიმომდე ბურთიანად იარა და სერბ თავდამსხმელს ისეთი პასი მისცა, მას ზუსტი დარტყის მეტი არაფერი დარჩენოდა.
საბოლოოდ, „ვერონამ“ 2:0 მოიგო, 9 ქულა დააგროვა და მე-18 ადგილზე დაწინაურდა. „კრემონეზე“ კი სერია A-ში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არ მოუგია – ქართველის გუნდს მხოლოდ 7 ქულა აქვს და ბოლო (მე-20) პოზიციაზეა.