ლუკა ლოჩოშვილი - ვიმედოვნებ, ნაკრების წარმატებული სერია გაგრძელდება #1TVSPORTI
14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო. ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში ვარჯიშის შემდეგ, იტალიის სერია A-ს „კრემონეზეს“ ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა, მომავალ მატჩზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, ძლიერი ნაკრებია, მათთან შეხვედრა საინტერესო იქნება. შესარჩევ ციკლში რთული მეტოქეები გვყავს და მომავალი თამაშებისთვის მოსამზადებლად, ეს შეხვედრა სასარგებლო იქნება. ჩვენს ნაკრებს წარმატებული სერია აქვს, გუნდში პოზიტიური განწყობაა და ვიმედოვნებ, ასე გაგრძელდება. თითოეული ფეხბურთელი დღითიდღე ვითარდება, გუნდშიც ჯანსაღი კონკურენციაა” – თქვა ლუკა ლოჩოშვილმა.
მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.