ლუკა ლოჩოშვილი - ახალ როლთან შეგუებაში ევროპის ჩემპიონატიც დამეხმარა #1TVSPORT
ერთა ლიგის სასტარტო მატჩში ჩეხეთთან მოგების შესახებ (4:1) კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც ამ გამარჯვებაში წვლილი საგოლე გადაცემით შეიტანა. „კრემონეზეს“ მცველმა ნაკრებში თავის ახალ როლზე, მარცხენა მცველობაზეც ილაპარაკა.
„ჩემი აზრით, ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. დასაწყისში ცოტა ვპასიურობდით, მაგრამ მე-20 წუთის შემდეგ ვითარება გამოვასწორეთ, თავს კარგად ვიცავდით და კონტრშეტევებზე მწვავედ ვთამაშობდით. შესვენების შემდეგ კი უპირატესობა მოვიპოვეთ. ასეთ ძლიერ გუნდთან ასეთი ანგარიშით მოგება ძალიან სასიხარულოა.
ასეთი დასაწყისი, ცხადია, ძალიან კარგია, თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და იმედია, შემდეგ შეხვედრებშიც ასევე გავაგრძელებთ. რაც შეეხება ჩემს ახალ პოზიციას, ფეხბურთელმა ნებისმიერ ადგილზე მაქსიმუმი უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, სირთულეები არის, თუმცა ნელ-ნელა შევეგუე, რაშიც ევროპის ჩემპიონატიც დამეხმარა“, – განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.