ლუკა გუგეშაშვილი ფანებს დაუპირისპირდა - ქართული დერბი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში #1TVSPORT
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 24-ე ტურში ლიდერების მატჩი („ყარაბაღი“-„ნეფთჩი“) გაიმართა, რომელშიც ქართველებმა ითამაშეს, ლუკა გუგეშაშვილი კი გულშემატკივრებს დაუპირისპირდა.
„ყარაბაღისა“ და „ნეფთჩის“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძელთა კარში ლუკა გუგეშაშვილი იდგა, ხოლო ბაქოელთა შემადგენლობაში მხოლოდ საბა კვირკველიამ ითამაშა, ვატო არველაძე კი სათადარიგოთა შორის დარჩა.
ლუკა გუგეშაშვილმა თავი კარგი თამაშითაც გამოიჩინა და მატჩის დროს ქომაგებთან დაპირისპირებითაც, რაზეც კომენტარი „ყარაბაღის“ მთავარმა მწვრთნელმა, გურბან გურბანოვმა გააკეთა.
„მატჩის შემდეგ ლუკას საკმაოდ მკაცრად ველაპარაკე. ასე მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ პრინციპულ თამაშებში მსგავსი რამ ხდება. ის ფეხბურთელია და მატჩის მიმდინარეობისას ფანები მეტოქის ნერვების მოშლას ცდილობენ, ლუკას შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვფიქრობ, გულშემატკივრები გულში წყენას არ ჩაიდებენ. ფეხბურთში გაუაზრებელი ამბებიც ხდება, მაგრამ ეს აღარ განმეორდება. გულშემატკივარიც ფეხბურთის ისეთივე ნაწილია, როგორც ფეხბურთელი. ჩვენ მათთვის ვთამაშობთ“, – განაცხადა „ყარაბაღის“ მთავარმა მწვრთნელმა.
აქვე ვიტყვით, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში დავით ვოლკოვი „საბაჰი“ სტუმრად „შამახს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა. აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გამართული 24-ე ტურის შემდეგ ჩემპიონატს „ყარაბაღი“ 62 ქულით ლიდერობს, მეორეზე ვოლკოვის „საბაჰია“ (53), ხოლო მესამეზე – კვირკველია-არველაძის „ნეფთჩი“ (49).