ლუკა გაგნიძე - ნიდერლანდებთან რთული მატჩი იქნება, მაგრამ მოსაგებად ვიბრძოლებთ #1TVSPORT
ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის ლუკა გაგნიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. 20 წლის ნახევარმცველმა ბათუმში 21-წლამდელების შეკრებასა და 12 ოქტომბერს ნიდერლანდებთან გასამართი ევროშესარჩევი ციკლის შეხვედრაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ნიდერლანდების ნაკრები სერიოზული მეტოქეა და რთული მატჩი იქნება. მათ ყველა ასაკში ძლიერი გუნდი ჰყავთ. ვფიქრობ, რომ ფიზიკურად მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.
ტრავმის გამო, დაახლოებით, სამი კვირა გამიცდა, ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განვაახლე. იმედი მაქვს, ნიდერლანდებთან თამაშის შესაძლებლობა მექნება“, – ამბობს ლუკა გაგნიძე.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 12 და 17 ოქტომბერს ბათუმში, ნიდერლანდებისა და შვედეთის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს გამართავს. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.