ლუკა გადრანმა ყაზახეთის ჩემპიონატში ისევ გაიტანა #1TVSPORT
ლუკა გადრანმა ყაზახეთის ჩემპიონატში ისევ გაიტანა #1TVSPORT

მიმდინარე სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა. საქართველოს წარმომადგენლები ამ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენას ხშირად ახერხებენ.

უკანასკნელ ტურში გიორგი ბუხაიძის „კაისარმა” ყაზახეთის საკლუბო ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერი, „ასტანა“ მიიღო და 1:2 დამარცხდა, ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებს შორის დარჩა.

ანტონ თოლორდავასა და თემურ ჩოგაძის ყარაღანდის „შახტიორი“ „ოკჟეტპესს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. ორივე ქართველი ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენელობაში იყო და მხოლოდ ჩოგაძე შეცვალეს (84-ე წუთზე).

ტურის მთავარი გმირი ლუკა გადრანია, რომლის „აქტობემ“ გასვლაზე „ტობოლთან” მატჩი 2:2 დაასრულა. 26 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე სტუმართა მეორე გოლი გაიტანა. გადრანის ანგარიშზე ბოლო სამ მატჩში ორი გატანილი გოლია.

„ამ ტურში ორი ქულა დავკარგეთ. შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტი შეგვეძლო. მატჩების დასკვნით ნაწილში სათამაშო ხარისხის გაუმჯობესება გვჭირდება, რადგან თითქმის ყველა ტურში კონცენტრაციას ვკარგავთ და უცნაურ გოლებს ვუშვებთ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა გადრანმა „ტობოლთან“ შეხვედრის შემდეგ.

საერთო ჯამში, ყაზახეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში ქართველებმა სამი გოლი გაიტანეს. გადრანამდე თავი გამოიჩინეს თამაზ მაქაცარიამ („ყიზილ ჟარი“) და რატი არდაზიშვილმა („ჟეტისუ“).