ლუკა გადრანი გულშემატკივრებმაც აღიარეს - ქართველი მცველი პროფლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
ლუკა გადრანი ყაზახეთის ჩემპიონატის 2023 წლის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, – გამოკითხვა ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ჩაატარა.
26 წლის ქართველმა მოთამაშემ ცენტრალურ მცველებში ყველაზე მეტი გულშემატკივრის მხარდაჭერა მიიღო და 4-4-2 სათამაშო სისტემით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დააყენეს.
„აქტობეს“ ყოფილმა მოთამაშემ (რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ უფრო ამბიციურ ალმატის „კაირატში“ გადავიდა) ხმების 58% მოიპოვა.
ქართველი მცველი ყაზახეთის წლის სიმბოლურ გუნდში უკვე მეოთხედ მოხვდა. პირველად ლუკა გადრანი ყაზახეთის პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა დაასახელა და ჩემპიონატის საუკეთესო მცველად აღიარა.
თავისი ვერსია Transfermarkt-მა ყაზახეთში ექსკლუზიურ პარტნიორთან, Prosports.kz-თან ერთად შეადგინა და ქართველი მცველი ამ თერთმეტეულშიც მოხვდა. სეზონის დასრულების შემდეგ Transfermarkt-ზე ლუკას ტრანსფერის საბაზრო ღირებულება 550 000 ევრომდე გაიზარდა და ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა სიმბოლურ გუნდშიცაა.