ლუკა დონჩიჩმა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება სამმაგი დუბლით დაიწყო - სლოვენიამ საბერძნეთთან წააგო #1TVSPORT
ლუკა დონჩიჩმა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება სამმაგი დუბლით დაიწყო - სლოვენიამ საბერძნეთთან წააგო #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქემ, სლოვენიის ეროვნულმა გუნდმა იანის ანტეტოკუმპოს გარეშე მოთამაშე საბერძნეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 91:98 დამარცხდა.

სლოვენიის ნაკრებს ამ მატჩის წინ „დალას მავერიქსის“ სუპერვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი შეუერთდა, რომელმაც ბერძნების წინააღმდეგ 27 წუთი ითამაშა. ამ დროში ლუკამ სამმაგი დუბლის შესრულება მოახერხა – 21 ქულა, 14 შედეგიანი პასი და 10 მოხსნა. 16 ქულა ჰქონდა ჯორდან მორგანს, ხოლო სლოვენიელებს 13 ქულით დაეხმარა კლემენ პრეპელიჩი.

საბერძნეთის ნაკრებს ანტეტოკუმპო მუხლის ტრავმის გამო გამოაკლდა. ის რეაბილიტაციის პროცესს გადის და დაბრუნებას ზუსტად მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისთვის გეგმავს. აქამდე არსებული ინფორმაციით, შეიძლებოდა, მას იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გასამართი მუნდიალი გამოეტოვებინა, თუმცა ნაკრების განაცხადში მაინც მოხვდა. ანტეტოკუმპოს არყოფნაში ბერძნებს გამოცდილმა პაპანიკოლაუმ ულიდერა 18 ქულით.

მსოფლიო ჩემპიონატამდე სლოვენიის ნაკრები კიდევ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს – ისევ საბერძნეთთან, ესპანეთთან, აშშ-სთან და იაპონიასთან. მუნდიალზე საქართველო და სლოვენია 28 აგვისტოს, იაპონიის ქალაქ ოკინავაში ითამაშებენ. მათთან ერთად F ჯგუფში ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებები არიან.